მოგზაური

 image_505cab5c727

ერთ ახალგაზრდა ბიჭს ძალიან უყვარდა მოგზაურობა. ისეთი ხალხის რიცხვში არ შედიოდა, რომლებიც თავის ოცნებაზე უარს ამბობენ, ამიტომ მოგზაურობდა და უცნობ ქვეყნებს სტუმრობდა.

თავიდან დიდ ქალაქებს სტუმრობდა. როცა ეს მოსაბეზრებელი გახდა, პატარა ქალაქებზე გადავიდა. გადიოდა წლები, ბიჭი კი მოგზაურობას განაგრძობდა. ფული თუ გაუთავდებოდა, სადმე მუშაობას იწყებდა და ასე ირჩენდა თავს.

ერთხელაც თავში უცნაური და ამასთანავე საინტერესო აზრი მოუვიდა. წარსულში დიდ ქალაქებს სტუმრობდა, ახლა კი პატარებს, მაგრამ რა იქნებოდა უფრო საინტერესო? უნდა ეცადა, რომ მოგზაურობა გაცილებით საინტერესო და თავგადასავლებით სავსე გამხდარიყო. ბევრი ფიქრის შემდეგ ერთ დასკვნამდე მივიდა – მიყრუებული ადგილები, ტყეები და მთები უნდა მოენახულებინა.

ბიჭი ჩინეთში ჩავიდა. ავტობუსზე ბევრი არ უფიქრია, პირველივეში ჩაჯდა და ბოლო გაჩერებამდე გაჰყვა. მთელი მისი ბარგი და ქონება ერთ ჩანთაში ეტეოდა. ჩაჯდებოდა ავტობუსში და ბოლო გაჩერებამდე გაჰყვებოდა – ამას იმეორებდა და არც აინტერესებდა სად მიდიოდა. ხედავდა, რომ მიყრუებულ ადგილებში მოგზაურობდა და ეს მოსწონდა.

და აი, ერთხელ სრულიად ცარიელ ავტობუსში ავიდა. რამდენიმე გაჩერების შემდეგ ავტობუსში ხალხი ამოვიდა. ბევრი მათგანი იდგა ფეხზე, მაგრამ მოგზაურის გვერდით, თავისუფალ ადგილზე არავინ ჯდებოდა. ყველა მას უყურებდა, თანაც რაღაც უცნაურად.

მალე ავტობუსში ახალგაზრდა და ლამაზი ჩინელი გოგონა ამოვიდა. გოგონა მოგზაურის დანახვამ გააოცა. ის გაიღიმა და მოგზაურის გვერდით დაჯდა.

– გამარჯობა! – ღიმილით მიესალმა ბიჭი.

– უკაცრავად, მაგრამ ჭკუიდან შეიშალეთ?!

– რას გულისხმობთ? – დაიბნა ბიჭი.

– თქვენ რა არ იცით, რომ აქ ყოფნა არ შეიძლება? ის მაინც თუ იცით სად მიდიხართ?

– არა, მე უბრალო მოგზაური ვარ. არ მაინტერესებს სად მივდივარ.

– ჰოდა ეგ დაგღუპავთ. რამდენიმე გაჩერების შემდეგ კანიბალების სოფელთან ვიქნებით. ისინი ტურისტებს იჭერენ და ცოცხლად ჭამენ. ამ ავტობუსში ყველა კანიბალია.

– ეს შეუძლებელია. ნუ მატყუებთ, მაინც არ მჯერა.

– არ გჯერათ?! აბა ხალხს შეხედეთ! ნახეთ როგორ გიყურებენ!

ბიჭმა ხალხს შეხედა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ისევ მას უყურებდნენ, თითქოს ერთი სული აქვთ დაიჭირონ და შეჭამონო. მოეჩვენა, თითქოს ავტობუსი ჩერდებოდა. როგორ ცუდ სიტუაციაში ჩავარდა, არადა რამდენიმე წუთის წინ რა კარგად იყო. ღმერთო ჩემო, კანიბალებით სავსე ავტობუსი! მალე სოფელში იქნებოდნენ და ეს გამხეცებული ხალხი მას ცოცხლად შეჭამდა. უკვე სუნთქვაც უჭირდა, გაწითლდა კიდეც, ეს საშინელი სახეები…მშიერი კანიბალები ხელიდან არ გაუშვებდნენ.

– აღმართზე ავდივართ. – უთხრა გოგონამ – ეს ჩვენი შანსია. წამოდით!

გოგონამ ხელი მოკიდა. ისინი უკანა კარებისკენ გაიქცნენ. გოგონამ საავარიო ბერკეტი ჩამოსწია. ავტობუსი გაჩერდა. ისინი ფანჯრიდან გადახტნენ და გაიქცნენ. კანიბალები გამოეკიდნენ. კარგა ხანი სირბილის შემდეგ კანიბალები უკან გაბრუნდნენ. მოგზაური და გოგონა მთაზე, ერთმანეთისგან ცოტა შორს იდგნენ. ბიჭმა დაინახა, როგორ ავიდნენ კანიბალები ავტობუსში და იქაურობას მოსცილდნენ. ამის შემდეგ გოგონას შეხედა.

– რა კარგია, მარტო შევჭამ და მთელი ხორცი ჩემი იქნება. – ღიმილით ამბობდა გახარებული გოგონა.

დატოვე კომენტარი