კაკუნი

sashishi istoriebi

ერთხელ ერთი ცოლ-ქმარი მთებში წავიდა. როცა მოსაღამოვება დაიწყო, ისინი მიხვდნენ, რომ დაიკარგნენ. ქალი ნერვიულობდა, მაგრამ ქმარმა დაამშვიდა და უთხრა, რომ აუცილებლად იპოვიდნენ სახლში დასაბრუნებელ გზას. გავიდა რამდენიმე საათი და წარმოდგენა არ ჰქონდათ სად იმყოფებოდნენ. ბნელდებოდა… ცოლ-ქმარი შუწუხდა. რუკა და კომპასიც არ ჰქონდათ. მალე იმედი გადაეწურებოდათ, მაგრამ მინდორში ძველი ქოხი დაინახეს.

ქოხი ცუდად გამოიყურებოდა. ჩანდა რომ იქ უკვე მრავალი წელი იყო, რაც არავის არ ეცხოვრა. რამდენიმე ფანჯარა ჩამტვრეული იყო. კაცმა კარზე დააკაკუნა. არავინ არ უპასუხა. მან სახელური ჩამოსწია და კარები ჭრიალით გაიღო. ქოხი შიგნით უფრო ცუდი იყო, ვიდრე გარედან. ავეჯი არ იდგა. იატაკზე ნახერხი ეყარა. მოკლედ, იქაურობა ძალიან ბინძური იყო. სახლში შესულ ცოლ-ქმარს ცუდი გრძნობა დაეუფლა. კედლებზე უცნაური რაღაცეები ეწერა. კარგად შეხედეს და წარწერები დაინახეს: სიკვდილი! სიკვდილი! სიკვდილი! სიკვდილი! – ეწერა კედლებზე.

ქალი და კაცი შეშინებულები იყვნენ. სიტყვა წითელი საღებავით დაეწერათ. კაცი კედელს შეეხო. ახლოდან სისხლის სუნი იგრძნო. სიტყვა სისხლით იყო დაწერილი, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო! ეშინოდათ, მაგრამ წასასვლელი არ ჰქონდათ. ღამით მთებში ღია ცის ქვეშ ყოფნა სისულელე იქნებოდა. ვინ იცის, რომელ საშინელ ცხოველს გადაეყრებოდნენ. ისევ ქოხში სჯობდა დარჩენა.

ისინი მეორე სართულზე ავიდნენ. იქ საბანი იპოვეს. იატაკზე დაწვნენ, საბანი დაიფარეს და დაიძინეს. შუაღამეს გაეღვიძათ. პირველად ქალი გააღვიძა რაღაც ხმამ. თითქოს სახლის გარშემო ვიღაც დადიოდა.

– შენ გესმის? – ჰკითხა ცოლმა – როგორც ჩანს გარეთ ვიღაც არის.

ქმარი რაღაც დროის მანძილზე ცდილობდა, რომ ნაბიჯების ხმა გაეგო. არაფერი აღარ ისმოდა. კაცი ფეხზე ადგა და ფანჯარასთან მივიდა. ძალიან ბნელოდა. არაფერი არ ჩანდა. მან ფანჯარა გააღო და თავი გარეთ გაჰყო.

– აქ ვინ არის?

არავინ არ უპასუხა. ცოლთან დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ქალმა ჰკითხა:

– იქნებ შენ ვისაც ეძახი იმას ლაპარაკი არ შეუძლია?

კაცი ფანჯარასთან დაბრუნდა და დაიძახა:

– არის აქ ვინმე?! თუ არის მაშინ ერთხელ დააკაკუნე, თუ არადა ორჯერ. – კაცს გაეცინა.

უეცრად ვიღაცამ დააკაკუნა. კაცი ცოლს მიუბრუნდა და გაკვირვებულმა უთხრა:

– შენ მართალი იყავი! აქ ვიღაც არის.

ფანჯრიდან გაიხედა, მაგრამ სიბნელეში ვერავის ვერ ხედავდა.

– თქვენ ქოხის პატრონი ხართ? – ჰკითხა კაცმა. უცნობმა ორჯერ დააკაკუნა, რაც ,,არა“ – ს ნიშნავდა.

– კაცი ხართ? – უცნობმა ისევ ორჯერ დააკაკუნა.

– აბა ქალი ხართ. – ორჯერ დააკაკუნა.

– ადამიანი ხართ. – ორჯერ დააკაკუნა.

კაცმა სიცივე იგრძნო. უკვე ძალიან ეშინოდა.

– თქვენ მარტო ხართ? – ისევ ორჯერ დააკაკუნეს.

– რამდენი ხართ? ერთი დაკაკუნება ერთის ტოლი იქნება.

ცოლ-ქმარს რამდენიმე წუთის მანძილზე კაკუნის ხმა ესმოდა.

დატოვე კომენტარი